დენიელ ფრიდი - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შეიძლება, იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა, რევოლუციების დრო აღარ არის
დენიელ ფრიდი - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შეიძლება, იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა, რევოლუციების დრო აღარ არის

არ მომწონს, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არასდროს არის კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.

„ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ეს არასდროსაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყის წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის. ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

მისი თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ ისევ დიდი მხარდაჭერა აქვს.

„არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ ოპოზიცია ძლიერად არის წარმოდგენილი ბევრ ქალაქში, ბევრ ადგილობრივ მთავრობაში. მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, მაგრამ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, რომ ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს“, – აღნიშნა დენიელ ფრიდმა.

დატოვე კომენტარი