დენ ჰუკერი დარწმუნებულია, რომ დასტინ პორიეს დამარცხებას შეძლებს
დენ ჰუკერი დარწმუნებულია, რომ დასტინ პორიეს დამარცხებას შეძლებს

27 ივნისს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ძალიან საინტერესო ბრძოლას იხილავენ. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ყოფილი დროებითი ჩემპიონი დასტინ პორიე ახალზელანდიელ დენ ჰუკერს დაუპირისპირდება.

თავდაპირველად ეს ბრძოლა მაისში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გამო გეგმები შეიცვალა. ახალზელანდიელმა მებრძოლმა ინტერვიუ MMAFIGHTING-ს მისცა. ჰუკერი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„სულელი უნდა ვყოფილიყავი, ამ ბრძოლას რომ არ დავთანხმებულიყავი. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მოვიპოვებ. დასტინ პორიეს აუცილებლად დავამარცხებ და ტიტულისთვის მომავალში აუცილებლად ვიბრძოლებ. პორიე კარგი მოკრივეა, ასევე პარტერში საკმაოდ მაღალ დონეზე გამოიყურება. თუმცა მე ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ მასზე უკეთესი ვარ. არ მგონია, მას პოლ ფელდერზე გამძლე ყბა ჰქონდეს. ვთვლი, რომ მის დანოკაუტებას შევძლებ“.