დასტინ პორიე 27 ივნისს, შესაძლოა დენ ჰუკერს დაუპირისპირდეს
დასტინ პორიე 27 ივნისს, შესაძლოა დენ ჰუკერს დაუპირისპირდეს

კორონავირუსის პანდემიის გამო დასტინ პორიესა (25-6) და დენ ჰუკერის (20-8) ბრძოლის დაგეგმვა გადაიდო, თუმცა, როგორც დღეს ხდება ცნობილი აღნიშნული დაპირისპირება, შესაძლოა 27 ივნისს შედგეს. MMAJUNKIE-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. წყაროს ცნობით, ბრძოლა სავარაუდოდ ლას ვეგასში, „აპექსის“ დარბაზში გაიმართება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს საინტერესო დაპირისპირება საბრძოლო კუნძულზეც შედგეს.

დასტინ პორიე მსუბუქი წონითი დივიზიონის რანგით მესამე მებრძოლია. მან უკანასკნელად ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან წააგო. მანამდე კი პორიემ მაქს ჰოლოვეის, ჯასტინ გეიჯისა და ედი ალვარესის დამარცხება მოახერხა. ნუმაგომედოვთან მარცხის შემდეგ დასტინს ბარძაყის ოპერაცია ჩაუტარდა.

დენ ჰუკერი დივიზიონის ნომერ მე-10 მებრძოლია. ბოლო დაპირისპირება მან მშობლიურ ახალ ზელანდიაში პოლ ფელდერთან ჩაატარა და რთული გამარჯვება იზეიმა. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ჰუკერმა წონა შეიცვალა და ქვემსუბუქი (featherweight) დივიზიონიდან მსუბუქში გადაინაცვლა მისი მოგება წაგებათა ბალანსი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება 7 მოგება და ერთადერთ მარცხი.