„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ მოლდოვა ოჯახის უსაფრთხოების გამო დატოვა და ქვეყანაში მალე დაბრუნდება
„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ მოლდოვა ოჯახის უსაფრთხოების გამო დატოვა და ქვეყანაში მალე დაბრუნდება

მოლდოვის ყოფილი მმართველი, „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლად პლახოტნიუკი აცხადებს, რომ მოლდოვაში დაბრუნებას და ოპოზიციაში ყოფნას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. პლახოტნიუკის თქმით, ის საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა საკუთარი თავისა და ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.

პლახოტნიუკის თქმით, თავის თანაპარტიელებთან ერთად ის აქტიური ოპოზიციის როლს შეასრულებს, რათა არ დაუშვას მოლდოვის დაპყრობა უცხო ქვეყნის ინეტერესებით მოქმედი ჯგუფების მიერ.

„მოლოდოველებმა ქვეყანას უნდა უხელმძღვანელონ შიგნიდან და არა საზღვაგარეთიდან. მოლდოვა უნდა იყოს დამოკიდებელი და თავისუფალი, არ უნდა იყოს სხვა ქვეყნისა ან ტერიტორიის დანამატი“, – დაწერა პლახოტნიუკმა სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“.

„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თქმით, ძალაუფლების გადაბარების გადაწყვეტილება მისმა პარტიამ იმის გამო მიიღო, რომ არ გაემწვავებინათ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი.
მისი თქმით, მოლდოვაში ჯერ კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ქვეყანა, კერძოდ, პარლამენტში ხმის უფლების მქონე პირები.

„ისინი კი, ვინც ახლა ეიფორიაში იმყოფებიან, მალე გაიღვიძებენ რეალობაში, როდესაც მოუწევთ დახმარების თხოვნა „დემოკრატიული პარტიისთვისაც“ კი, რათა თავი დააღწიონ ამ ხაფანგს. ჩვენ მზად ვიქნებით დასახმარებლად, თუმცა არ ვაპატიებთ იმ გზას, რომლითაც მოლდოვა და მისი მოქალაქეები სარისკო მდგომარეობაში ჩააყენეს“, – დაწერა მოლდოველმა ბიზნესმენმა.

„დავბრუნდები ქვეყანაში რაც შეიძლება მალე, მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ იქნება“, – აღნიშნა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა.

არსებული ინფორმაციით, 15 ივნისს პლახოტნიუკი კიევიდან ლონდონში გაემგზავრა. მან მოლდოვა მას შემდეგ დატოვა, რაც „დემოკრატიულმა პარტიამ“ ძალაუფლების ახალი მთავრობისთვის გადაბარებაზე თანხმობა განაცხადა.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ვლად პლახოტნიუკის „დემოკრატიული პარტია“ ახალი მთავრობისთვის ძალაუფლების გადაბარებაზე უარს აცხადებდა იმის მიუხედავად, რომ თებერვალში არჩევნებში დამარცხდა.

პრორუსი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სოციალისტური პარტიისა და პროევროპული ბლოკის ალიანსის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადეს ეროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა.