„დემოკრატიების ალიანსის“ ფონდი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი
„დემოკრატიების ალიანსის“ ფონდი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი

„დემოკრატიის ალიანსის“ ფონდმა „დემოკრატიის აღქმის ინდექსის“ შესახებ ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვით, ქართველების უმრავლესობა დემოკრატიის მთავარ მიზნად/დანიშნულებად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობას ასახელებს.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, რა არის მათთვის დემოკრატიის მთავარი მიზანი/დანიშნულება. სავარაუდო პასუხებს შორის კი ჩამოთვლილი იყო შემდეგი საკითხები: ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და კეთილდღეობა, მთავრობის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა, ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების წინ წაწევა.

პასუხებიდან ქართველების უმეტესობამ უპასუხა, რომ დემოკრატიის მთავარი მიზანი მათთვის არის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და კეთილდღეობა. ქართველებთან ერთად, ანალოგიური პასუხი დააფიქსირეს ავსტრალიელებმა, ჩინელებმა, ბრაზილიელებმა, ბელარუსებმა, მოლდოველებმა, ლიეტუველებმა, ესპანელებმა, რუსებმა, სერბებმა, ირანელებმა და ა.შ.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო აღმოჩნდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, სადაც დემოკრატიის არსებობას აფასებენ, როგორც „უკიდურესად მნიშვნელოვანს“ ან „ძალიან მნიშვნელოვანს“. ასე ფიქრობს საქართველოში გამოკითხულთა 86%.

მაგალითისთვის, საბარძნეთში ანალოგიური მოსაზრება აქვს გამოკითხულთა 89%-ს, თურქეთში – 87%-ს, ურუგვაიში – 86%-ს და უნგრეთში – 85%-ს.

კვლევის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც უცხო ქვეყნის მხრიდან შესაძლო სამხედრო თავდასხმა ყველაზე მეტად აშფოთებთ. ასეთ ქვეყნებს შორის არის ასევე უკრაინა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ფილიპინები.

ამასთან, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ხარჯების გაზრდას, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ეს მოითხოვს გადასახადების გაზრდას და ხარჯების შემცირებას სხვა სფეროებში. ანალოგიურად ფიქრობს გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე პოლონეთში, ნორვეგიაში, უკრაინაში, ფინეთში, შვედეთში, ნიდერლანდებსა და დიდი ბრიტანეთში.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის „დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ კვლევაში მოცემული რუკის მიხედვით, ევრაზიის კონტინენტზე საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც საზოგადოება აშშ-ისადმი მკვეთრად დადებითად არის განწყობილი.

„დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ დაკვეთით კვლევა კვლევითმა ორგანიზაციამ – Nira Data-მ 100 ქვეყანაში ჩაატარა. კვლევის ავტორი ორგანიზაციის მიხედვით, გამოკითხვა მსოფლიო მასშტაბით ონლაინ, 9-23 აპრილის პერიოდში ჩატარდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „დემოკრატიების ალიანსის“ ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით დადებითად არის შეფასებული და ე.წ. მწვანე ზონაშია.