სენატორი კრის ვან ჰოლენი აცხადებს, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან დაკავშირებით ნეთანიაჰუს ბრალდებები სრული სიცრუეა
სენატორი კრის ვან ჰოლენი აცხადებს, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან დაკავშირებით ნეთანიაჰუს ბრალდებები სრული სიცრუეა

ამერიკელი დემოკრატი სენატორი კრის ვან ჰოლენი აცხადებს, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან დაკავშირებით ისრაელის ბრალდებები სრული სიცრუეა. ამის შესახებ კრის ვან ჰოლენმა „სიბიეს ნიუსთან“ განაცხადა.

„სრული სიცრუეა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და სხვების ბრალდებები, თითქოს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო „ჰამასის“ მარიონეტული წარმომადგენელია“, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა.

როგორც ჰოლენი აღნიშნავს, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოზე ღაზაში, არის აშშ-ის სამხედრო ვეტერანი, 20-წლიანი სამხედრო სტაჟით.

„თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ის არ არის „ჰამასთან“ კავშირში. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დემონიზაცია იყო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მცდელობა, თავიდან მოეშორებინა სააგენტო, რადგან მას ხედავდა, როგორც პალესტინელი ხალხის იმედს“, – აღნიშნა ჰოლენიმ.

შეგახსენებთ, ისრაელმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 12 თანამშრომელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ. გაერო-მ რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით სააგენტოდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და გერმანიამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერა.