დემოკრატი სენატორები მოსამართლე კლარენს თომისის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
დემოკრატი სენატორები მოსამართლე კლარენს თომისის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სენატორები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ, დაიწყოს გამოძიება მოსამართლე კლარენს თომისის მიმართ, რომელმაც დამალა ინფორმაცია მილიარდერი რესპუბლიკელის მიერ დაფინანსებული მდიდრული მოგზაურობების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სენატის მართლმსაჯულების კომიტეტის წევრმა დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ისინი დაიწყებენ აღნიშნულ საკითხზე მოსმენას.

უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსისთვის მიწერილ წერილში სენატის მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარე დიკ დურბინი და კიდევ ათი დემოკრატი კონგრესმენი მოსამართლე კლარენს თომისის ქცევას ეთიკურ სტანდარტებთან „შეუსაბამოდ მიიჩნევენ, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის მოლოდინს საზოგადოების ნდობის მქონე პირისგან“.

„სასამართლო თუ არ მოაგვარებს ამ საკითხს თავად, კომიტეტი განიხილავს კანონმდებლობას მის მოსაგვარებლად“, – აღნიშნულია წერილში.

გასულ კვირას ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის ძვირად ღირებულ მოგზაურობებს წლების განმავლობაში აფინანსებდა რესპუბლიკური პარტიის მსხვილი დონორი და უძრავი ქონების მაგნატი ჰარლან ქროუ, ხოლო მოსამართლის დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. თავად მოსამართლე აცხადებს, რომ არ იცოდა იმის შესახებ, რომ პირადი მეგობრების მასპინძლობის შესახებ ინფორმაციის დეკლარირებაა საჭირო.