დემოკრატი კონგრესმენი რო ხანა აცხადებს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს დათვალიერებისას შეიარაღებულმა ადგილობრივმა ისრაელელებმა დროებით შეაჩერეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ
აშშ-ის კონგრესმენი რო ხანა აცხადებს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა დროებით დააკავეს.
მისივე ინფორმაციით, ხანა და მისი ჯგუფი დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის დროს შეიარაღებულმა ადგილობრივმა ისრაელელებმა დროებით შეაჩერეს.
კონგრესმენის განცხადებით, ისრაელელებმა მიკროავტობუსს გზა გადაუკეტეს და M4 ტიპის ამერიკული წარმოების ავტომატებით შეიარაღებული პირები დაახლოებით ერთ საათზე მეტხანს არ აძლევდნენ გადაადგილების საშუალებას. ხანას ცნობით, ეს იმ დროს მოხდა, როცა ის და მისი ჯგუფი პალესტინის სოფელ ხირბეთ ზანუტას ათვალიერებდნენ.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, მათ შეტყობინება მიიღეს, რომ ადგილობრივი ისრაელელები გზას კეტავდნენ. სამხედროების განცხადებით, ადგილზე მისვლის შემდეგ მათ მოქალაქეები დაშალეს და ავტომობილებს გადაადგილების გაგრძელების საშუალება მისცეს.
ცნობისთვის, კონგრესმენი რო ხანა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის კენჭისყრის შესაძლებლობასაც განიხილავს.