დემბა ბა - მირჩიეს, რომ ქართულ საფეხბურთო ბაზარს თვალი ვადევნო #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბ „დიუნკერკის“ ბავშვთა აკადემიის ქართველ მწვრთნელთან, გია გურულთან სტუმრობისას „ნომად სპორტსმა“ დემბა ბასთან ინტერვიუ ჩაწერა – ინგლისის პრემიერლიგის ყოფილმა მოთამაშემ განაცხადა, რომ ქართული საფეხბურთო ბაზრით დაინტერესდა.
სენეგალის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელი ამჟამად „დიუნკერკის“ პრეზიდენტის მრჩეველია და მალე, შესაძლოა, მისი ინტერესის სფეროში ქართველი ფეხბურთელებიც მოექცნენ.
„ჩვენი დიდი ფინანსების მქონე კლუბი არ ვართ. შესაბამისად, მოთამაშეთა შერჩევისას დაკვირვება გვმართებს. სიმართლე გითხრათ, ქართველ ფეხბურთელებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, არ დავკვირვებივარ მათ თამაშს, მაგრამ, როგორც ვიცი, მზარდი ტენდენაცია გაქვთ. ერთმა სკაუტმა მირჩია, ქართულ სასფეხბურთო ბაზარს თვალი ვადევნო და მის რჩევას გავითვალისწინებ.
მივესალმებით ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების ჩვენს გუნდში ჩამოსვლას, აქ ხომ გია გურული მუშაობს, რომელიც „დიუნკერკის“ ლეგენდაა“, – განაცხადა დემბა ბამ „ნომად სპორტსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.