„პარი სენ-ჟერმენი“-„ბაშაქშეჰირი“ დღეს დასრულდება
„პარი სენ-ჟერმენი“-„ბაშაქშეჰირი“ დღეს დასრულდება

„ბაშაქშეჰირი“ პარიზში ყოველგვარი სატურნირო მოტივაციის გარეშე ჩავიდა: ბოლო ტურისთვის „მანჩესტერ იუნაიტედს“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლაიპციგს“ 9-9 ქულა ჰქონდათ და მათ ერთმანეთში უნდა გაერკვიათ – ვინ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში და ვინ გადავიდოდა ევროპის ლიგაზე.

მაგრამ მატჩი პარიზში მხოლოდ 13 წუთი გაგრძელდა და მე-14 წუთზე შეწყდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუმინელმა მსაჯმა ოვიდიუ ჰაჩეგანმა თამაში შეაჩერა და „ბაშაქშეჰირის“ სათადარიგოთა სკამისკენ გაეშურა. დარღვევის შესახებ მას მეოთხე არბიტრმა სებასტიან ჩოლტესკუმ აცნობა. როცა ჰაჩეგანი მასთან დეტალების დასაზუსტებლად მივიდა, ჩოლტესკუმ კამერუნის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე და თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტზე პიერ ვებოზე მიუთითა და თან წარმოთქვა: „ეს შავი ბიჭი“.

ამან „ბაშაქშეჰირის“ მთელი სათადარიგოთა სკამი აღაშფოთა. არბიტრს ჯერ ვებომ შეუტია, შემდეგ კი დემბა ბამ (ორივემ წითელი ბარათები მიიღო), რომლის ემოციური სიტყვა მეოთხე არბიტრის მისამართით ტელეეთერში მოხვდა: „შენ ხომ არასოდეს ამბობ თეთრზე: „აი, ეს თეთრი მოთამაშე?!“ მაშინ რატომ აზუსტებ ახლა და ამბობ: „ეს შავი ბიჭი!“

მოლაპარაკებები დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ „ბაშაქშეჰირის“ მოთამაშეები მინდვრიდან გავიდნენ. მათ მასპინძლებიც გაყვნენ. მატჩი შეწყდა.

„არა რასიზმს“, – დაიწერა „ბაშაქშეჰირის“ ოფიციალურ „ტვიტერზე“ და კლუბმა დაადასტურა, რომ თამაში შეჩერებულია ვებოს მისამართით რასისტული შეურაცხყოფის გამო.

„ყველას თვალწინ მეოთხე არბიტრმა წარმოთქვა სიტყვა – Negro. თუ მას თამაშიდან გააძევებენ, ჩემი გუნდი დაბრუნდება მოედანზე. თუ არა – „ბაშაქშეჰირი“ უარს ამბობს თამაშის დასრულებაზე“, – განაცხადა თურქული კლუბის პრეზიდენტმა გექსელ გიუმიუშდაგმა.

სკანდალში ჩაება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოგანი, რომელმაც პირადად მიმართა უეფას მოწოდებით – ჩაერიოს ინციდენტში და გამოიძიოს მომხდარი. მოგვიანებით, უეფამ მართლაც დაანონსა გამოძიება: „უეფა ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, რომელიც დღეს „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაშაქშეჰირის“ მატჩში მოხდა და დეტალურ გამოძიებას ჩაატარებს. ფეხბურთში არ აქვს ადგილი ნებისმიერი ფორმით რასიზმსა და დისკრიმინაციას“.

სოლიდარული იყო მეტოქის მიმართ „პარი სენ-ჟერმენი“. „არა რასიზმს! ვებო, ჩვენ შენთან ვართ“, – დაწერა „ტვიტერში“ პარიზელთა ფორვარდმა კილიან მბაპემ.

ნეიმარმა გამოაქვეყნა საკუთარი პოსტერი და მას მიაწერა ცნობილი ლოზუნგი – Black Lives Matter.

ცოტა ხანში გავრცელდა რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო განცხადება: „ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ინციდენტი, რომელიც „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაშაქშეჰირის“ მატჩის დროს მოხდა. მასში გარეულია მატჩის მეოთხე არბიტრი სებასტიან ჩოლტესკუ. შეხვედრა არ გაგრძელდება და უეფა გააანალიზებს ინციდენტს. რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია დაელოდება ანგარიშს, რათა გაარკვიოს – რა მოხდა სინამდვილეში და ამის მიხედვით იმოქმედებს. ფედერაცია კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერ რასისტულ ან ქსენოფობიურ მოქმებებსა თუ განცხადებებს!“

სხვათა შორის, ბრალდებებს უპასუხა თავად მეოთხე არბიტრმა. „რუმინულად Negru ნიშნავს „შავს“. მე არ ვარ რასისტი“, – განაცხადა ჩოლტესკუმ.

თავდაპირველად, ჩოლტესკუს ერთ-ერთი ადგილობრივი მსაჯით შეცვლასა და მატჩის 40 წუთში განახლებას აპირებდნენ, მაგრამ „ბაშაქშეჰირმა“ ამ მსაჯის მთლიანად დელეგაციიდან გამოყვანა მოითხოვა.

საბოლოოდ, თამაში 9 დეკემბერს განახლდება მე-13 წუთიდან. დაწყების დრო 22 საათია. მსაჯთა ბრიგადა ახალი იქნება: მთავარი არბიტრი ნიდერლანდებითან დანი მაკელი და მისი ასისტენტები – მარიო დიქსი (ნიდერლანდები) და მარცინ ბონეკი (პოლონეთი). მეოთხე არბიტრიც პოლონელი იქნება – ბარტოშ ფრანკოვსკი.