„დელტას“ ინფორმაციით, კახეთის რეგიონში გუშინ სეტყვის საწინააღმდეგო 144 ცალი რაკეტა გაისროლეს
„დელტას“ ინფორმაციით, კახეთის რეგიონში გუშინ სეტყვის საწინააღმდეგო 144 ცალი რაკეტა გაისროლეს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ცნობით, 29 აპრილს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.

„რეგიონში ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი რაიონი. 176 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 31 მმ იყო. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ახმეტის, თელავის, ყვარელის, ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონებში 13:58 სთ-დან 23:20 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

გასროლილ იქნა 144 ერთეულამდე რაკეტა. აღსანიშნავია, რომ დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება“, – აცხადებენ „დელტაში“.

დატოვე კომენტარი