დელის მოსახლეობის 22 პროცენტზე მეტი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა
დელის მოსახლეობის 22 პროცენტზე მეტი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა

ინდოეთის დედაქალაქ დელის მოსახლეობის 22 პროცენტზე მეტი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ინდოეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის დაავადებთა კონტროლის ცენტრმა 21 000-ზე მეტი ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ 23,48 პროცენტს ვირუსის ანტისხეულები აქვს. პოზიტიური და ნეგატიური შედეგების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ მოსახლეობის 22 86 პროცენტი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა.

ეპიდემიოლოგი ექიმი ჯაიპრაკაშ მულიილის განცხადებით, ინფიცირებული მოსახლეობის პროცენტულობა ზოგიერთ ადგილას შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს. დელიში, სადაც 29 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ოფიციალურად „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 123 747 შემთხვევაა დადასტურებული და 3 663 ადამიანი დაიღუპა.

ინდოეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კვლევა 27 ივნისიდან 10 ივლისამდე ჩაატარა. ინფიცირების შემთხვევებით ინდოეთი აშშ-ის და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 1.2 მილიონამდე შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული, 28 700-ზე მეტი კი დაიღუპა.