დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი – უდიდეს პატივს ვცემ იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს, რომელსაც დღეს საქართველო ასრულებს, შესანიშნავი ქვეყანაა

11:35, 26.10.2026

უდიდეს პატივს ვცემ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს, რომელსაც ის დღეს ასრულებს. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, – ამის შესახებ დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა, სიმეონ ციმოკოსმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს თქვენს ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. სხვათა შორის, მას ნიუ იორკშიც შევხვდი, სადაც ევროკავშირის გაფართოებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. რამდენიმე თვეში თბილისში კონფერენციის ორგანიზებას ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამ კონფერენციის ფარგლებში თქვენ, შესაძლოა, შეძლოთ ევროპიდან, ისევე როგორც ამ რეგიონიდან უფრო მნიშვნელოვანი ადამიანების ჩაყვანა საქართველოში. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს და მოუთმენლად ველოდები თბილისში დაბრუნებას“, – განაცხადა სიმეონ ციმოკოსმა.

ბულგარეთში დღეს სოფიის ეკონომიკური ფორუმი იწყება, რომელზეც, მსოფლიოსა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამომავლო სტრატეგიებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილიც ჩაერთვება.

საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც 250-ზე მეტი სპიკერია ჩართული და 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით იმართება.

მსგავსი