დელეი ბლინდი მატჩის მსვლელობისას გულის მწვავე ტკივილით მინდორზე დაეცა
უსიამოვნო მომენტი მოხდა ამსტერდამში „აიაქსსა“ და „ჰერტას“ შორის ამხანაგური მატჩის დროს.
შეხვედრის 79-ე წუთზე ნიდერლანდური გუნდის მცველი დელეი ბლინდი, მოულოდნელად, მინდორზე დაეცა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაცემისას ფეხბურთელმა დაიყვირა და გულის არეში მიუთითა. როგორც გაირკვა, ბლინდს გაეთიშა იმპლანტირებული დეფიბრილატორი – სპეციალური მოწყობილობა გულის რითმის კონტროლისთვისა და რეგულირებისთვის.
საბედნიეროდ, ფეხბურთელმა საკუთარი ფეხით დატოვა მოედანი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა განუცხადა.
2019 წლის დეკემბერში ბლინდს გულის კუნთის ანთების დიაგნოზი დაუსვეს. არსებობდა იმის რისკი, რომ ფეხბურთელს კარიერა დაესრულებინა, მაგრამ შეძლო თამაშის გაგრძელება – მას იმპლანტირებული დეფიბრილატორი ჩაუმონტაჟეს.
თავად მატჩი „აიაქსმა“ 1:0 მოიგო.