დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე გაემგზავრა
დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე დასასწრებად გამთენიისას გაემგზავრა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან პარლამენტის წევრები ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი გურიიდან ქეთევან ხიდაშელი.

სესიის ფარგლებში, 12 მარტს UNDP საქართველო და გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა მასპინძლობენ პარალელურ ღონისძიებას „სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება მათთვის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაზრდის გზით“.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თამარ ჩუგოშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს გენერალური დისკუსიის ფარგლებში და მისი გამოსვლა შეეხება იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად, ისევე როგორც გამოწვევებს, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

დელეგაციის წევრები სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში მიიღებენ მონაწილეობას და სიტყვით მიმართავენ სესიის მონაწილე დელეგაციებს.

საქართველოს დელეგაცია ნიუ იორკში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.