დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეყვანა 1000 ლარის ნაცვლად, თანამდებობრივი სარგოს 25 პროცენტით დაჯარიმდება
დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეყვანა 1000 ლარის ნაცვლად, თანამდებობრივი სარგოს 25 პროცენტით დაჯარიმდება

ქონებრივ დეკლარაციაში არასწორი და არასრული მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, თანამდებობის პირი 1000 ლარის ნაცვლად, თანამდებობრივი სარგოს 25 პროცენტით დაჯარიმდება, რაც 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

შესაბამისი ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

ცვლილებებით, თანამდებობის პირი ვალდებული ხდება, დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, დეკლარაციაში ინფორმაცია დააფიქსიროს საქართველოს, სხვა ქვეყნის საბანკო ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის, ან იმ შენატანის შესახებ, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს მას, ან მისი ოჯახის წევრს.

ამასთან, პროექტით, დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს „დეკლარაციაში არარსებითი დარღვევის არსებობა“ ემატება.

„აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პრაქტიკაში ისეთი ხშირი შემთხვევები გამოვლინდა, როდესაც დარღვევის ხარისხი იმდენად არაარსებითი იყო, რომ ამ გადაცდომისთვის 1000 ლარით დაჯარიმება არც მოტონიტორინგის მიზნებს და არც სამართლიანობის პრინციპებს არ შეესაბამება. ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილება შესაძლებელს გახდის, დამატებითი ალტერნატივა გაჩნდეს და მონიტორინგის განმახორციელებელმა დაწესებულებამ დეკლარაციაში არარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

პროექტი იმ საფრთხეებსაც ითვალისწინებს, რაც შეიძლება სრული დისკრეციიის მინიჭების შემთხვევაში იყოს განპირობებული. ამიტომ, დგინდება კონკრეტული შემთხვევები, როცა მონიტორინგის განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, დეკლარაციაში არარსებითი დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.