დეკანოზი შალვა კეკელია - ტაძარში მოგვივარდნენ, დაიწყეს ყვირილი, მოღალატეებო, გამოდით, ეგ არის ევროპულობა? კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა
დეკანოზი შალვა კეკელია - ტაძარში მოგვივარდნენ, დაიწყეს ყვირილი, მოღალატეებო, გამოდით, ეგ არის ევროპულობა? კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა

ტაძარში მოგვივარდნენ, დაიწყეს ყვირილი, მოღალატეებო, ეკლესიის, ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მოვარდნა, ხალხის, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

შალვა კეკელიას თქმით, ევროპა არ არის ძალადობა, ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა.

„ჯგუფმა ჩამოიარა, ტაძარში მოგვივარდნენ. დაიწყეს ყვირილი, მოღალატეებო, გამოდით, ეკლესიის, ქვეყნის მტრებო, გამოდითო. რატომ მეძახიან მოღალატეს? ეკლესიას, პატრიარქს აგინებენ. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მოვარდნა, ხალხის, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა. ზუსტად ეგ იყო, ქუჩაში დადგნენ, ტაძრის წინ და გეძახიან, გამოდი მოღალატე, ქვეყნის მტერო. ამით რას აღწევთ, რა უნდა მივიღოთ ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით? ამდენი წელია, ეკლესიას გვლანძღავენ, გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს გვეძახიან, რუსოფილებს და რუსეთის მომხრეებს. ერთადერთი, ვინც წინააღმდეგი იყო რუსეთის პოლიტიკის, მე ვიყავი ყოველთვის. რას ნიშნავს რუსოფილი? რუსოფილები ხართ თქვენ, ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ, ვინც ამას ლაპარაკობს. ევროპა არ არის ძალადობა, ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა. ადამიანი თუ არ გეთანხმება, არ შეიძლება, ამის გამო ჩაქოლო, გაანადგურო. ადამიანები, დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო, რომ მეორე ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს. ეგ არის ევროპულობა? რად გვინდა ეგეთი რამ, თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო კლავ. ეკლესიაში მოვარდნები რას ნიშნავს, მაშინ აღარ გაგვაჩეროთ. მინდა, მოგმართოთ ჩემს მრევლს, ვინც მეუბნებით, რომ, მამაო, მშვიდობიანი აქციებია, იცით, როგორი გართობა, სიხარულია და მშვიდობიან აქციაზე ზოგიერთი „ფოიერვერკის“ სროლას რომ ამართლებთ. მე იმასაც ვგმობ და საშინელებაა, როცა ახალგაზრდებს სცემენ, იჭერენ, ციხეებში სვამენ. ადამიანს რომ დაიჭერ და შემდეგ ჩუმად ურტყამ პოლიციელი, ამაზე საშინელება რა უნდა იყოს? როგორ შეიძლება, ადამიანი თუ დაიჭირე, შემდეგ იმას ურტყა. ამაზე მწარე ხომ არაფერია, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ეკლესიებში უნდა მოგვივარდეთ? გამოგვყარეთ ეკლესიებიდან მაშინ, დაგვხოცეთ, რას ნიშნავს ეგეთი რაღაცები? “, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მთელი ცხოვრება საქართველოს ერთგული იყო და ქვეყანას ემსახურებოდა.

„მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას ვემსახურებოდი, იმათგან განსხვავებით, მღვდლებს რომ აყვედრიან რაღაცებს. 80 000 ხელფასები აქვთ და ისინი სამშობლოზე, გაჭირვებულებზე ლაპარაკობენ, მის ოპერატორს, ჩვეულებრივ ოპერატორს კი 1 200 აქვს ხელფასი. შენ ზრუნავ ქვეყანაზე და შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო? იმ ხალხს დაეხმარონ, ჩემთან რომ დადიან გაჭირვებულები. ჩამტკბარი არიან თავიანთ ქონებაში და ხალხს იყენებენ. მართლა უნამუსოები, ქვეყნის გამყიდველები, არანაირი ღირსება მათ არ აქვთ. ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამ ქვეყნისთვის ვცხოვრობ. საქართველოზე მეტად დედამიწაზე არცერთი ქვეყანა არ მიყვარს, ჩემი საქართველოს შვილი ვარ. ყველამ იცოდეთ, რომ მე ვარ ქართველი, ამ ქვეყნის შვილი და არასოდეს ჩემს გულში, ჩემს სულში ქვეყნის სიყვარულის გარდა, არაფერი ყოფილა. დაელაპარაკეთ იმას, ვისაც ქვეყანა მართლა არ გიყვართ და ვისთვისაც ქვეყანა საშოვარია. ქვეყნის მსახურება კი არ გინდათ, თქვენ გინდათ, თქვენი ქვეყანა მოგემსახუროთ. ყველას ეხება ეს, მთავრობას, ოპოზიციას, პოზიციას, ყველას, ვისაც ქვეყანა პირადი სარგებლობისთვის უნდა. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემს ქვეყანაზე ვდარდობ“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.