დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი - გაფართოებულმა კრებამ, სადაც აირჩა პატრიარქი, აჩვენა მაღალი დონე, ეკლესიამ ანახა დიდი მაგალითი, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და ვძლიოთ საზოგადოების პოლარიზებას
დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი - გაფართოებულმა კრებამ, სადაც აირჩა პატრიარქი, აჩვენა მაღალი დონე, ეკლესიამ ანახა დიდი მაგალითი, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და ვძლიოთ საზოგადოების პოლარიზებას

ყველა თანხმდება, რომ რაც კი წაგვიკითხავს, თუნდაც საქართველოს და ასევე სხვა ქვეყნების ეკლესიის ისტორიაში, ეს გაფართოებული კრება, სადაც აირჩა პატრიარქი, ჩაიწერება ერთ ძალიან დიდ, მნიშვნელოვან ფურცლად, რადგან აჩვენა ძალიან მაღალი დონე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მოქმედებები, რომელიც წარიმართა ეკლესიის მართვა-გამგეობის დოკუმენტზე დაყრდნობით, თვითონ სასულიერო პირების, საერო ადამიანების და რაც მნიშვნელოვანია, თავად მღვდელმთავრების დამოკიდებულება, რადგან მათ გააკეთეს არჩევანი, მათ აირჩიეს საქართველოს ახალი პატრიარქი, მათ მისცეს ხმა, მათ ანახეს სწორედ ეს ერთსულოვნება და ერთობა. ეს ძალიან გადამდებია ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც შევყურებთ მათ, როგორც სამაგალითო ადამიანებს. ეს ყველაფერი, რაც მოხდა ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში, დიდი სიხარულით მომტანია, იმედი გვაქვს, გადამდები იქნება ასევე საერო კუთხით. გუშინ საერო მოღვაწეები, იურისტები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მეცნიერები აღნიშნავდნენ, რომ ეკლესიამ თანამედროვე საქართველოში ანახა დიდი მაგალითი, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და როგორ მოვერიოთ, ვძლიოთ პოლარიზებას, რომელიც საზოგადოებაშია“, – განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

შეკითხვაზე, რა იგულისხმა ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ, როდესაც განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, მძიმე მისია, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს უკვე გამოცდილება და იცის, რა გამოწვევებთან მოუწევს შეხება.

„პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქობის მე-40 წლის თავზე მოსაყდრედ აირჩია მაშინ მიტროპოლიტი შიო, ჩვენი ახალი პატრიარქი შიო მესამე და ამ ცხრა წლის მანძილზე მას ჰქონდა ნაწილობრივი შეხება ეკლესიის შიდა თუ გარე პრობლემებთან, გამოწვევებთან. მან კარგად იცის, გაცნობიერებულად და გამოცდილებითაც, რასთან მოელის შეხება. ასევე აცნობიერებს, როგორც მან თქვა, იმ პატივსაც, რომელიც პატრიარქობას თან ახლავს და ამ ცხრაწლიანმა თანამმართველობამ, მის უწმინდესობასთან ერთად მოსაყდრეობამ მისცა გამოცდილება, რომელიც დაეხმარა მას და იმ გუნდს, რომელიც ჩამოყალიბდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურად. თქვენ იცით მისი ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია, მამებთან ერთად, მათ პატრიარქ ილია მეორესგან კურთხევა ჰქონდათ, რომ ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური, მაგრამ ასევე მოსაყდრესთან ერთად ახორციელებდნენ მრავალ აქტივობას, საქმეს ეკლესიაში და ამ გამოცდილების შედეგია, რომ შეძლო მოსაყდრემ, უკვე ახალმა პატრიარქმა, ეს ყველაფერი ორგანიზებულად ჩაეტარებინათ. ასევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დიდი ღვაწლი გასწია, რომ ეს გაფართოებული კრება, ასევე წინა სინოდები, რომელიც უძღოდა, ასევე აღსაყდრება, ეს მოვლენები ღირსეულად ჩატარებულიყო, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის საკადრისად“, – განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

როგორც დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა აღნიშნა, მოსაყდრე შიოს მამაშვილური სიყვარული ჰქონდა მისი უწმინდესობის, ილია მეორეს მიმართ, ჰქონდა მამაშვილური მორჩილება, დაკვირვებულობა, ნდობა და მინდობა უწმინდესის სიბრძნეზე.

„ის მოსაყდრეობის დროს არაფერს აკეთებდა პატრიარქ ილიასთან შეუთანხმებლად. უწმინდესი ილიას გადაწყვეტილებებმა, მისი მოქმედების სტილმა, დავუშვათ, გარკვეულ საკითხებზე შეყოვნებამ თუ აქტიურობამ, სხვა თვალსაწიერი გაუხსნა ახალ პატრიარქს მოსაყდრეობის დროს და მისცა პრაქტიკული გამოცდილება ეკლესიის თანამმართველობის, მაგრამ უწმინდესმა შიომ გამოიჩინა საოცარი სიბრძნე ამ მორჩილებაში. ამ ცხრა წლის მანძილზე არავის გვიგრძვნია, რომ საქართველოს ეკლესიას მართავს სხვა და არა პატრიარქი; ანუ, პატრიარქი ილია პატრიარქობდა თავისი პატრიარქობის ჟამს და მოსაყდრე შიომ იცოდა, რა დოზით, რა ოდენობით, პატრიარქისვე კურთხევით, ჩართულიყო იმ ყველა საქმეში, რაშიც ის იყო ჩართული. საზოგადოებაში რადგან ყოველთვის ჩნდებოდა ასეთი კრიტიკული აზრი, შეიძლება, პატრიარქი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, სხვა ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას, დღეს უკვე, რადგან, ღვთის მადლით, ეკლესიის ერთობით, ერთსულოვნებით გვყავს ახალი პატრიარქი და ეს გამოცდილება, ეს სიბრძნე დადასტურდა უკვე ქმედითად და თვალსაჩინოდ, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყო. იყო დიდი შვილობრივი ყურის მიგდება და თვალის დევნება პატრიარქის ქმედებების მიმართ, რამაც დიდი ნაყოფი გამოიღო“, – განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.