დეკანოზი დავით რუხაძე - მოვუწოდებ ხალხს, ბილეთები დააბრუნონ, ან არ მივიდნენ კინოჩვენებაზე
დეკანოზი დავით რუხაძე - მოვუწოდებ ხალხს, ბილეთები დააბრუნონ, ან არ მივიდნენ კინოჩვენებაზე

მართლმადიდებელი ერი უნდა დავდგეთ ერთად და მშვიდობიანად გავაპროტესტოთ გარყვნილების პროპაგანდა, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით რუხაძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაგეგმილ პრემიერასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეკანოზი მოქალაქეებს მოუწოდებს, ბილეთები დააბრუნონ, ან კინოჩვენებაზე არ მივიდნენ.

„იქ არც ხელს ავწევ, არც არაფერს, ისე ვიდგები. შეიძლება ბლოკირება მოხდეს. ვიდგებით, ვილოცებთ და შევეწინააღმდეგებით ფილმის ჩვენებას. ხალხს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ კინოთეატრებში. ჩვენი ამოსავალი სიბრძნე წმინდა სახარებაა. ღმერთმა შექმნა მამაკაცი და დედაკაცი, და არა მამაკაცი და მამაკაცი, ან დედაკაცი და დედაკაცი. ჩვენი მთავარი მიზანი ტერიტორიების აღდგენაა. ამისათვის მებრძოლი და მართლმადიდებელი სულია საჭირო. ცოტა ხნის წინ კინოთეატრებში „შინდისის გმირები“ გადიოდა. ისინი ჩვენი მაგალითები არიან. მავანს სურს, რომ მამათმავლობა დანერგოს. ამით მებრძოლ სულს ვაკნინებთ. აღშფოთებას იწვევს ეს ყველაფერი. სამართლიანია მორწმუნე ხალხის შიში, რომ აღნიშნულით თაობებს დავკარგავთ. მიდის გარყვნილების, სოდომური ცოდვის პროპაგანდა. მაგალითით ვიზრდებით ჩვენ. იმის მაგივრად, რომ სიყვარულით ვასწავლიდეთ მომავალ თაობებს, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი, სიბილწის პროპაგანდა მიმდინარეობს. ფილმები უნდა გადაიღონ გმირობაზე, სიყვარულსა და თავგანწირვაზე. ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნაჩვენებია, როგორ წვება კაცი კაცთან, როგორ კოცნიან ერთმანეთს. ახალგაზრდა ბიჭზე ეს ხომ ზეგავლენას მოახდენს“, – განაცხადა დეკანოზმა დავით რუხაძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში კი განმარტავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.