დეკანოზი დავით ლასურაშვილი - დღესაც, ხვალაც და ზეგაც ვაპირებთ მშვიდობიანად, ლოცვით პროტესტის გამოხატვას იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რაც დღეს ხდება
დეკანოზი დავით ლასურაშვილი - დღესაც, ხვალაც და ზეგაც ვაპირებთ მშვიდობიანად, ლოცვით პროტესტის გამოხატვას იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რაც დღეს ხდება

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მიმდინარეობს, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისის პარალელურად, სავაჭრო ცენტრთან მიმდინარეობს აქცია ლოზუნგით „მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია“.

როგორც სოფელ დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი დავით ლასურაშვილი აცხადებს, საკუთარი პროტესტის გამოხატვას ისინი სამი დღის განმავლობაში გააგრძელებენ, ვიდრე ფილმს კინოთეატრებში აჩვენებენ.

„არ გამოგივათ ეკლესიის ჩაწიხვლა. პეტრე ცაავას იპოვით ამისათვის თუ სხვა ვინმეს, კატეგორიულად გეუბნებით, არ გამოგივათ. ეკლესია არასდროს იქნება დაცემული და ღმერთი არასდროს იქნება შეურაცხყოფილი. დღესაც, ხვალაც და ზეგაც ვაპირებთ მშვიდობიანად, ლოცვით და ჩვენი მშვიდობიანი დგომით პროტესტის გამოხატვას იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რაც ხდება დღეს. ასეთი ბილწი ფილმის ჩვენება ხდება ფართო საზოგადოებისათვის ეკრანზე. ჩვენი პროტესტი არის მამათმავლობის წინააღმდეგ. დღეს ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება, არის აშკარა ფაქტები იმისა, რომ ამ ქვეყანაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოღვაწეობენ. სწორედ მათი პატრონაჟით ხორციელდება ეს ქმედებები, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას და ზოგადად, სოდომის ცოდვას ქადაგებენ და ამ ყველაფრის ტირაჟირებაზე არიან მორგებულნი. არ გვაქვს კავშირი არც „მარშელებთან“ და არც ლევან ვასაძესთან“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაუშვებენ მამათმავლობის აგიტაციას ქვეყანაში და ამ ფორმით გმობენ მამათმავლობის პროპაგანდას.

კინოთეატრ „ამირანთან“, ასევე ბათუმსა და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთან „ქართული მარშის“ წარმომადგენლებისა და მათი თანამოაზრეების აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენებას აპროტესტებენ. საქართველოში ფილმის პრემიერა დღეს უნდა გაიმართოს.

კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი