დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე არის საუბარი, ჩვენი საპატრიარქოს ქონებაზე ვლაპარაკობთ, დაველოდოთ გამოძიებას
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე არის საუბარი, ჩვენი საპატრიარქოს ქონებაზე ვლაპარაკობთ, დაველოდოთ გამოძიებას

​როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზეა საუბარი, იმავდროულად ჩვენი საპატრიარქოს ქონებასა და კუთვნილებაზე ვლაპარაკობთ, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, დიდ ეჭვს იწვევდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ძველი შემადგენლობა.

„ეს ალბათ ძიების საკითხია უფრო, ახალი მომხდარი ამბავია და დაწვრილებით ვერაფერს ვერ გეტყვით. უშუალოდ ვინც იყო დაკითხვაზე, ალბათ, მათ შეუძლიათ უფრო დაზუსტებით გითხრან ამის შესახებ.

განცხადებებში ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. ჩვენ ამას ვსაუბრობდით რომ კომისიის მუშაობა იყო არაეფექტური, ახლა იმის უკან რა მექანიზმია და ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამას გაარკვევენ. ყველა სადაო, საეჭვო საკითხი იყო დასაზუსტებელი საკითხი, გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ. წინა კომისია ცოტა ხნის წინ გაუქმდა. მე ნუ მაკისრებთ მოვალეობას, პასუხისმგებლობა დავაკისრო რომელიმე ხელისუფლებას. მე ვიცი, რომ კომისია მუშაობდა, ბოლოს წინა კომისია. ახლა განახლებული კომისია მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ იმ პრინციპული მიდგომიდან გამომდინარე რასაც ვხედავთ, რაღაც შედეგი დაიდება.

დაველოდოთ, როცა დადგება ამის დრო, მამა კირიონი თავად განმარტავს უფრო დეტალურად. ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვნი არის, ეს ჩვენი ძირძველი სიწმინდეები არის. საპატრიარქოს კუთვნილებაა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრები და ამ შემთხვევაში, როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზეა საუბარი, იმავდროულად ჩვენ საპატრიარქოს ქონებასა და კუთვნილებაზე ვლაპარაკობთ, დაველოდოთ გამოძიებას. ნაწილობრივ გვაქვს ინფორმაცია რუკებთან, მაგრამ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. იმ ინსტანციას რომლის ხელშიც გაცილებით მეტი ინფორმაციაა“, – განავცხადა ჯაღმიაძემ.

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.