დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პრემიერმა ბრძანა, სააღდგომოდ პრობლემის გადაჭრისთვის ყველაფერს იღონებენ, ინებოს ღმერთმა, შევძლოთ საზეიმო მსახურება და ამით არაფერი დავარღვიოთ​
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პრემიერმა ბრძანა, სააღდგომოდ პრობლემის გადაჭრისთვის ყველაფერს იღონებენ, ინებოს ღმერთმა, შევძლოთ საზეიმო მსახურება და ამით არაფერი დავარღვიოთ​

პრემიერმა ბრძანა, სააღდგომოდ პრობლემის გადაჭრისთვის ყველაფერს იღონებენ, ინებოს ღმერთმა, შევძლოთ საზეიმო მსახურება და ამით არაფერი დავარღვიოთ​, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ შეახსენა მედიას ის რეკომენდაციები, რომელიც დღეს მიეცა საქართველის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძრის წინამძღვარს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, გეძლევათ სამი რეკომენდაცია: კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან, 2020 წლის 4 აპრილიდან, ტაძრებში ლოცვები დაიწყოს შუადღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველდღე ტაძარი დაიკეტოს საღამოს არა უგვიანეს 20:00 საათისა.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ყოვლადწმინდა სამების მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატებისა და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტით და ვარდის წყლით), ასევე – იატაკის დამუშავება, ტაძარში კი მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ეს განმარტებები გაკეთდა ნიშნად იმისა, რომ ეკლესია მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე ის ზომები, რომელიც სახელმწიფომ მიიღო.

რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს. ესეც არის რეკომენდაცია და ლოცვა-კურთხევა ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ, ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, რომ ამან არ გამოიწვიოს რაღაც გაუგებრობები“.

დეკანოზის თქმით, ვითარება ყოველ წუთს იცვლება.

„ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტში ხელისუფლებასთანაც და ჯანდაცვის ორგანიზაციებთანაც და ვცდილობთ, ადეკვატურად გვქონდეს რეაგირება ამ ყველაფერზე. ჩვენ დღეს ერთი მხრივ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, მეორეს მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სარწმუნოებრივ ძირითად ცნებებს. ძალიან რთულ ვითარებაში ვართ და სიფრთხილე გვმართებს განცხადებების გაკეთების დროსაც. პატრიარქმა მიმართა მრევლს და იქ ცხადად არის ნათქვამი, რომ ძირითადად, მრევლი უნდა დადგეს ეზოში და იმ შემთხვევაში, სადაც საშუალება არის, შესაძლებელია რომ მსახურების ტრაპეზი, წმინდა ტრაპეზი მოეწყოს ღია ცის ქვეშ ანუ აქცენტი გაკეთებულია ამაზე, რომ ღია ცის ქვეშ დადგეს ხალხი მაქსიმალურად და იყოს დაცული დისტანცია.

ველოდებით ამ სააღდგომო დღეების მოახლოებას და მიიღებენ შესაბამის მითითებებს, ჯერ ადრეა ამაზე რამის თქმა“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, ის ნაჩქარევს უწოდებს დეკანოზ შალვა კეკელიას მოსაზრებას, რომ მრევლი ტაძარში საღამოს 8 საათზე მივიდეს და დილის 6-მდე დარჩეს.

„ეს განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომ 9 საათიდან დილის 6 საათამდე იქნება ტაძარში მრევლი სააღდგომო მსახურების დროს. მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება, არ დაელოდა და არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოს პოზიციასთან. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიძლევით არანაირ განმარტებას და ველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარი, მან ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ სააღდგომოდ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი და ამ იმედით ჩვენც ვლოცულობთ და ველოდებით მოახლოებას ამ დღეების. ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთი მხრივ საზეიმო მსახურება და მეორე მხრივ, ამით არაფერი არ დავარღვიოთ“, – განაცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდეს.

„ჩვენთან ასეთი განცხადება ოფიციალურად არ გაკეთებულა და არც მგონია, რომ გაკეთდეს. ჩვენ მრევლს მაქსიმალურად მოვუწოდეთ და ძალიან ბევრი დაშვებები იყო ამ განცხადებებში გაკეთებული – ის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ვინც ასაკის გამო რისკის ჯგუფშია, ის ვინც ფრთხილობს, რომ ეკლესიაში მისვლით შესაძლოა დაავადდეს, ყველა ამ ადამიანს მიეცა რეკომენდაცია, რომ დარჩეს სახლში, დანარჩენ მრევლს, ვინც მოვა, მიეცა ლოცვა-კურთხევა, რომ ტაძრის გარეთ დადგეს და იქიდან იყოს ჩართული მსახურებაში“, – აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა განწყობა, რომ ვიღაცას წინასწარ უხარია ეკლესიაში ე.წ. კლასტერის შესაძლო გაჩენა.

„იმ დროს, როდესაც ყველას გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარება და ანგარიშის გაწევა, ძალიან თვალშისაცემია წინასწარი მხიარულება, რომ რომელიმე მღვდელი დასნეულდება ან ვინმე მრევლის წევრი ზიარების მერე დასნეულდება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსთავის დეპუტატი ზიარების შემდეგ დასნეულდა, გადავამოწმეთ და მსგავსი რამე არ ყოფილა; გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვდელი დასნეულდა რუსთავში, მსგავსი რამე არ მომხდარა. დაზღვეული არავინ არაფრისგან ვართ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეემთხვეს, თუმცა განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს ვიღაცას წინასწარ უხარია, რომ ეკლესიაში გაჩნდეს ე.წ. კლასტერი, არის ძალიან სამწუხარო და ყველას ვთხოვ, რომ ამ პერიოდში მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ნუ დავძაბავთ ისედაც ამ დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს“, – მიმართა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას.