დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ, იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკორიალიზატორებზე ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული სასჯელია გათვალისწინებული, – ამის შესახებ კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ​ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.

“ჩვენ განვიხილეთ ეს კანონპროექტი ძალიან დაწვრილებით და აღმოვაჩინეთ საშიში აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმები არის განსაზღვრული ნარკოგამსაღებლებზე. ეს არის ყველაზე საშიში, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში და მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, საჭიროა ამ ადამიანების დახმარება, აქცენტების გაკეთება სარეაბილიტაციო და პრევენციული კუთხით.

“მარტივ მაგალითს მოგიყვანთ შეიძლება, რომ ნარკოტიკების უკანონო შემოტანა საზღვარზე ტრანზიტით გატანა ისჯებოდეს 100-ლარიანი ჯარიმით? ან შეიძლება. რომ არასრულწლოვნების თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარება ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ნარკოტიკების რეალიზაცია ისჯებოდეს 200-ლარიანი ჯარიმით? ან მაღალი რისკის საქმიანობის წარმოებისას ნარკოტიკული თრობის ქვეშ ადამიანის სასჯელი იყოს 300 ლარი? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს, მხოლოდ ერთ კუთხეზე რომ შემსუბუქდეს ნარკორეალიზატორის სასჯელი, ეს არის საშიში. ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს, სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო.

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც “კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე. რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.

აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე.

ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.

მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები, “ნარკოპოლიტიკის რეფორმის” ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ.