საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილესა და სახალხო დამცველს წერილით მიმართავს
საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილესა და სახალხო დამცველს წერილით მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძესა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას წერილით მიმართავს.

„ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები ჩართო. მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც დიაგნოზიდან გამომდინარე მას სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, გადაეგზავნა სასჯელაღსრულების უწყებასაც. ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აღნიშნულია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის წერილში.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინო ლომჯარიასადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია, პატიმარი გადაეყვანათ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, უწყებას დღემდე არ შეუსრულებია. ჯაღმაიძე ინტერესდება, რა არის ამის მიზეზი.

გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს უკვე უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ. წერილს თავად საპატრიარქო ავრცელებს.

„მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 7 მარტს. გაცემული რეკომენდაციის საპასუხოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარტს ეცნობა პასუხი იუსტიციის სამინისტროდან და მოგვეწოდა მათი მოსაზრებები ამ საკითხის გარშემო.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოწოდებული მასალები საჭიროებენ დამატებით შესწავლასა და რეაგირებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს კომუნიკაციას იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე აკვირდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნულის შემდგომ, საჭიროების შესაბამისად მიმართავს დამატებით ღონისძიებებს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მოადგილის წერილში.