დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეკლესია სახელმწიფო საკითხებში არ ერევა, თუ ვინმე ერევა, მოსახლეობა და მათი მოსაზრებაა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეკლესია სახელმწიფო საკითხებში არ ერევა, თუ ვინმე ერევა, მოსახლეობა და მათი მოსაზრებაა

ეკლესია სახელმწიფო საკითხებში არ ერევა, თუ ვინმე ერევა, მოსახლეობა და მათი მოსაზრებაა, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მარიხუანას მოხმარების შესახებ შს სამინისტროს მიერ წარდგენილ რეგულაციებზე მსჯელობენ.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საპატრიარქოს პოზიციაა. ამასთან, განაცხადა, რომ „თუ რომელიმე სასულიერო პირს ესა თუ ის მოსაზრება აქვს, ეს ცალკე კერძო შემთხვევაა“.

„ეკლესია სახელმწიფო საკითხებში არ ერევა, თუ ვინმე ერევა, მოსახლეობა და მათი მოსაზრებაა. თავის დროზე, 2012 წელს, მაშინდელ მოვლენებზე ეკლესია ძალიან აქტიური იყო და საპატრიარქომ განცხადება გააკეთა, რომ არჩევნებში არ ერევა. სად დავდოთ ზღვარი ეკლესიის? – ეკლესიის წევრია საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. თუ ოდესმე ეკლესია პრობლემატიკაზე საუბრობს, რომელიც შეიძლება რომელიმე კანონამდე მიდიოდეს, უნდა გავიგოთ, რომ ეკლესია მოსახლეობის 90 პროცენტის წუხილსა და მოსაზრებას გამოთქვამს. ამიტომ, ეკლესია სახელმწიფო საკითხებში არ ერევა, თუ ვინმე ერევა, მოსახლეობა და მათი მოსაზრებაა. რომელიმე სასულიერო პირს ესა თუ ის მოსაზრება თუ აქვს, ეს ცალკე კერძო შემთხვევაა. სხვადასხვა მოვლენაზე დადებით თუ უარყოფით გავლენას ყველანი ვახდენთ. რა გავაკეთოთ? საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საპატრიარქოს პოზიციაა. ერთი რომელიღაც სასულიერო პირი სახელმწიფო პროცესებში ჩარევას როგორ შეძლებს? მეუფე იაკობის განცხადებაც ზოგიერთ შემთხვევაში მისი განცხადებაა, ზოგიერთ შემთხვევაში, საპატრიარქოს განცხადება და განწყობას ემთხვევა“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მეუფე იაკობმა 12 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, „ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით. თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ“.

დატოვე კომენტარი