დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვინმე პოლიტიკური ქულების ან დივიდენდების მოპოვებისთვის გამოიყენებს დავით გარეჯის თემას
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვინმე პოლიტიკური ქულების ან დივიდენდების მოპოვებისთვის გამოიყენებს დავით გარეჯის თემას

ვთხოვთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რაიმე წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობის დიდი ტრადიციის გათვალისწინებით იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში დავით გარეჯის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როდესაც თქვა, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი მან წამოიწყო, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქო საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, ხოლო რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება.

„ჩვენთვის რთულია, პრეზიდენტი რას გულისხმობს, ამაზე პასუხის გაცემა. ჩვენ შეგვიძლია, რასაც ვამბობთ, მხოლოდ იმის განმარტება. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ აგრესიის ყოველგვარ გამოხატულებას, სიტყვით ან საქმით ყოველგვარ ქმედებას, რომელიც რამენაირად ჩრდილს მიაყენებს ორ მეგობრულ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, იმთავითვე ემიჯნება საპატრიარქო. ვთხოვთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რაიმე წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობის დიდი ტრადიციის გათვალისწინებით იმოქმედოს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვინმე რაიმე პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან თავისი დივიდენდების მოპოვებისთვის გამოიყენებს ასეთ სენსიტიურ თემას. ამას რიგ შემთხვევებში ჩვენ ვხედავთ, რომ მცდელობა არის ეკლესიური თემის აწევის და ​იმისათვის გამოყენების, რომ რაღაც პოლიტიკური ან სხვა სახის დივიდენდები მოიპოვონ. ამიტომ ჩვენ არაერთგზის, სხვადასხვა დროს მოგვიწია მსგავსი განცხადებების გაკეთება და ამ შემთხვევაშიც ვთხოვთ ყველას, ვისაც გულწრფელად აწუხებს ეს საკითხი, გაითვალისწინოს საპატრიარქოს პოზიცია. ეს არის პოლიტიკა საპატრიარქოსი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.