დეკანოზი ალექსანდრე გალდავა - მე ავიცერი და ვფიქრობ, ამით ავირჩიე ჯანმრთელობა და ამავე დროს ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვა

მე ავიცერი და ვფიქრობ, ამით ავირჩიე ჯანმრთელობა და ამავე დროს ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვა, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მე, ზოგადად ვენდობი მედიცინას, ყოველთვის ვცდილობ, მივმართო მას საჭიროების შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი უმძიმესი ეპიდემიური ვითარებაა, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად იყო სასიხარულო ფაქტი იმისა, რომ გამოჩნდა ვაქცინა, რომელიც გვიცავს სიკვდილისაგან და დაავადებისგანაც. ასევე დაავადების გადაცემისგან. მე თავად ავიცერი და ვფიქრობ, ავირჩიე ამით ჯანმრთელობა და ამავე დროს, ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვაც. ჩემი არჩევანი არის ჩემი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, მიბოძა, გავუფრთხილდე მას და უბრალოდ არ გავფანტო ის და ამავე დროს, არ გავხდე სხვისი უბედურების მონაწილე, თუ სხვას გადავდებ ჩემს სნეულებას. ასე რომ, ეს მოქმედება არის ორმხრივი, ვიცავ რა თავს, ვიცავ ჩემს გვერდში მყოფ ადამიანებს“,- განაცხადა დეკანოზმა.

როგორც დეკანოზი ალექსანდრე გალდავა აცხადებს, ვაქცინა არ არის რელიგიური თემა.

„რაც შეეხება რელიგიურ მოტივს იმისას, რომ ვაქცინაში ხედავენ ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს, ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად სინოდმა ამ მხრივ მიიღო რა გადაწყვეტილება და აღნიშნა თავის კრების ოქმში, რომ ეს ვაქცინა არ არის რელიგიური თემა, დასვა წერტილი და ამაზე სპეკულირება მომავალში არ შეიძლება.

რაც შეეხება ზოგადად მეორედ მოსვლის თემას, რასაკვირველია, მეორედ მოსვლა აუცილებლად იქნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მეორედ მოსვლა იქნება არა ანტიქრისტესი, არამედ ქრისტესი. ქრისტიანებს გვევალება, მაცხოვარს დაველოდოთ და არა ანტიქრისტეს. ჩვენ გვინდა შეხვედრა მაცხოვართან და არა ანტიქრისტესთან. ასე რომ, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის ქრისტესთან შეხვედრის საშუალება კიდევ ერთხელ მოცემული ღვთისაგან. ამიტომ მე ველი მაცხოვარს. ანტიქრისტეს გამოჩენა იმდენად ხმაურიანი იქნება, იმდენად ტვინის წამღები იქნება, იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება. ეს აღწერილია წმინდა წერილში“,- აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

​მისივე თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, ჯანმრთელობა ისე განკარგოს, როგორც თავად უნდა, თუმცა დეკანოზი აღნიშნავს, რომ ვაქცინის არგამოყოენებისკენ მოწოდება არასწორია.

„ამავე დროს, არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულება აქვთ და რასაკვირველია, ამ ადამიანების დემონიზაციაც არ უნდა მოხდეს. ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობა არ უნდა დაიყოს კიდევ ერთხელ ორად და არ უნდა მოხდეს ერთმანეთზე ანგარიშსწორება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა. ასე რომ, ვისაც უფრო ჰგონია, რომ უფრო მეტი შეგრძნება აქვს, მეტი ხედვა აქვს, უფრო ფართოდ უყურებს და უფრო მეტი მოთმენისა და სიყვარულის ძალა აქვს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საქმეს და შეურაცხყოფას, ანგარიშსწორებას და რაღაც ცუდი სახელების დარქმევას უნდა მოვეშვათ. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება, თავად გადაწყვიტოს თავის ჯანმრთელობის შესახებ. ერთია, როდესაც ადამიანი თავის ჯანმრთელობის ავ-კარგიანობას თვითონ წყვეტს, მეორეა, როცა ამას არაკომპეტენტურად აკეთებს და ამის ტირაჟირებას ახდენს, რაც ძალიან ცუდია. როცა შენ შეგიძლია, შენი ჯანმრთელობა შენ თვითონ ისე, როგორც გინდა წარმართო, მაგრამ არანაირად არ გაქვს იმის უფლება, რომ არაკომპეტენტური, ჭუჭყიანი, დაუბანელი ხელით ატარო ოპერაციები, ადამიანების სულში აფათურო და მოუწოდო ვაქცინის არგამოყენება და ამით სხვას მოუსწრაფო სიცოცხლე, რომ გენდონ შენ და ამით დათმონ თავისი სიცოცხლე. ყველას აქვს უფლება, აირჩიოს პირადი თავის სიცოცხლე. არაკომპეტენციაა, როდესაც შენ ფარგლებში არ მოქმედებ, არამედ გადადიხარ სხვა სფეროში. როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა იმ სფეროს პროფესიონალებისა ამბობენ ვაქცინის სიკეთეზე, მართლაც ღვთის ჯილდოა ადამიანის ხსნისთვის დღევანდელ მდგომარეობაში ადამიანის გადარჩენისთვის, ამას უგულებელყოფდე და ამას მოუწოდებდე სხვას, ეს ერთმნიშვნელოვნად დასაძრახი საქმეა. ცუდია, ვინც ამას აკეთებს. თუმცა, ადამიანს უნდა დავუტოვოთ არჩევანის თავისუფლება, თავის ჯანმრთელობა ისე განკარგოს, როგორც თვითონ უნდა. მოწოდება სხვა არის, მაგრამ ჯანმრთელობის განკარგვა სხვა არის. ვფიქრობ, ეს ორი რამ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან“,- განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.