დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატები პრეზიდენტს დღეს მიმართავენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატები პრეზიდენტს დღეს მიმართავენ

გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებას სთხოვენ. შესაბამის შუამდგომლობას უფლებადამცველები ადმინისტრაციაში დღეს, 12:00 საათზე შეიტანენ.

ადვოკატების ინფორმაციით, შეწყალებას თავად ითხოვენ, მსჯავრდებული კი ამ მოთხოვნას ეთანხმება, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს.

შეწყალების შუამდგომლობაში ადვოკატები სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, პროცედურულ დარღვევებსა და იმ ხარვეზებს აღწერენ, რომელიც, მათი მტკიცებით, საქმის გამოძიებისა და სასამართლო წარმოების ეტაპზე გამოვლინდა.

შეწყალების თხოვნის პარალელურად, დეკანოზის უფლებადამცველები სამართლებრივი დავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავენ.

სააპელაციო სასამართლომ 13 თებერვალს ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში, რაც ცხრა წლით პატიმრობას გულისხმობს.

პირველ აგვისტოს კი უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. უმაღლეს ინსტანციაში განმარტეს, რომ საკასაციო საჩივარი როგორც ადვოკატების, ასევე პროკურატურის მხრიდან, დაუსაბუთებელი იყო.

დატოვე კომენტარი