„დეილი ტელეგრაფი“ - დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა შედგება შვიდი პუნქტისგან, რომელიც მოიცავს სანქციების მოხსნას და ყირიმის ანექსიის აღიარებას
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა შვიდი პუნქტისგან შედგება და მოიცავს სანქციების მოხსნას და ყირიმის ანექსიის აღიარებას, – ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ იტყობინება.
ბრიტანული გაზეთის ცნობით, აშშ-ის მიერ უკრაინის ხელისუფლებისათვის შეთავაზებული სამშვიდობო დარეგულირების გეგმა შვიდი პუნქტისგან შედგება და, მათ შორის, მოიცავს რუსეთის მიერ ყირიმის ფორმალურ ანექსიას, უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად მოხსნას.
„დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება: 1. დაუყოვნებლივი ზავი; 2. უკრაინასა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყება; 3. უკრაინის უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუმცა შესაძლებლობა, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანდეს; მეოთხე და მეხუთე პუნქტები მოიცავს ტერიტორიებს, კერძოდ, აშშ დე იურე აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მხარეები გაყინავენ ფრონტის ხაზს. დოკუმენტი არ ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ოლქების რუსეთის ტერიტორიად ფორმალურ აღიარებას, თუმცა მოიცავს ამ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის ფაქტობრივ აღიარებს. უკრაინის ტერიტორიის ნაწილი (ხერსონის ოლქში) უნდა დაუბრუნდეს კიევს, ხოლო აშშ გააკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. 6. უკრაინა ხელს მოაწერს შეთანხმებას აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესახებ; 7. აშშ და რუსეთი შეძლებენ ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარებას სანქციების სრულად გაუქმებისა და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დაწყების პირობებში.
„დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, გეგმა არ შეიცავს არანაირ კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, მათ შორის, არ არის ნახსენები ე.წ. მსურველთა კოალიციის დახმარების საკითხიც. ცნობისთვის, ამ კოალიციის წევრი ევროპული სახელმწიფოები მზადყოფნას გამოთქვამენ, უკრაინაში სამშვიდობო ძალები გააგზავნონ.
გამოცემა წერს, რომ კიევს გაუჭირდება ამერიკული წინადადების მიღება, რადგანაც ის გულისხმობს ტერიტორიულ დანაკარგებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმის გარეშე.
„დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში არ ელოდებიან, რომ ლონდონში დაგეგმილი შეხვედრების შედეგად რაიმე შეთანხმება გაფორმდება.
დასავლურ მედიაში გავრცელებული არაერთი პუბლიკაციის მიხედვით, სწორედ ეს დოკუმენტი იქნება განხილული დღეს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი მიიღებენ მონაწილეობას.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ლონდონში ასევე ჩავიდოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, თუმცა მათი ვიზიტი გაუქმდა.
ცნობილია, რომ სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში აპირებს ჩასვლას. ინფორმაციას კრემლში ადასტურებენ.