დედოფლისწყაროში ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა
დედოფლისწყაროში ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

კორონავირუსის პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ცენტრალური ქუჩები, თელავისა და ლაგოდეხის შემდეგ, დედოფლისწყაროში დამუშავდა.

სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ დედოფლისწყაროს მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი სპეცტექნიკა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით დამუშავდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შვიდი ქუჩა და სოფელი ხორნაბუჯი, რაც ჯამში 12 კილომეტრს მოიცავს.

დეზინფექცია ჩაუტარდება ასევე ქალაქის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიას.