დედოფლისწყაროში გველმა ორი ადამიანი დაგესლა
დედოფლისწყაროში გველმა ორი ადამიანი დაგესლა

​დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქვეწარმავლების მიერ ადამიანების დაგესვლის ორი ფაქტი დაფიქსირდა.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მენეჯერის, ვანო ნატროშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს გველმა ივრის ჭალაში მდებარე საქონლის ფერმაში უკბინა, ხოლო მეორე, 60 წლის მამაკაცი ქვეწარმავალმა სოფელ სამთაწყაროში იმ დროს დაგესლა, როდესაც ის ვენახში მუშაობდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, იამზე ბაღაშვილმა განუცხადა, ორივე მამაკაცს ქვეწარმავლის მიერ მკვეთრად გამოხატული ნაკბენი აღენიშნებოდა.

„საავადმყოფოში გველის ნაკბენით ორი ადამიანი შემოიყვანეს. ერთი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის მცხოვრებია, რომელიც ფერმაში მუშაობდა. მან გველის ფოტო მოიტანა და როგორც აცხადებდა, ქვეწარმავალი არ იყო შხამიანი. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, თუმცა მას შრატის გაკეთებაც არ დასჭირდა და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ, ბინაზე გაეწერა.

მეორე პაციენტი კი, 60 წლის მამაკაცი იყო სოფელ სამთაწყაროდან. ის სასწრაფო დახმარების მანქანით შემოიყვანეს. მას მარჯვენა ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა ნაკბენი. როგორც თავად პაციენტი აცხადებდა, მას გიურზამ უკბინა. სტაციონარში გაუკეთდა გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი. პაციენტს აღენიშნებოდა ადგილობრივი და ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები და გადავიყვანეთ თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკაში“, – განაცხადა იამზე ბაღაშვილმა.