დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა
დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წლის გეგმით პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების – ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალო და გამარჯვების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო- სამშენებლო სამუშაოებზე.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 28 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,6 მილიონ ლარზე მეტია.

არსებული მდგომარეობით, ოთხი სოფლის მოსახლეობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე წყალი სტაბილურად, თუმცა ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში დებიტის სიმცირის გამო შეზღუდვით მიეწოდება.

რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული ინფრასტრუქტურაც. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სატუმბო სადგურს, წყლის სათავე ნაგებობასა და რეზერვუარებს. მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 14 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ოთხი სოფლის მოსახლეობას, ჯამში 5 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.