დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა
დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა

დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა.

როგორც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა, დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩო სამძიმარს იღებს მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისგან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ასევე ქართველი ხალხისგან.

ელჩის თქმით, ამ რთულ დროს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

„მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის ძალიან სევდიანი ყველასთვის დიდი ბრიტანეთში, თუმცა ასევე, ერთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში. მისი სიკვდილი აღნიშნავს ეპოქის დასასრულს და ცვლილებას. ჩვენ დიდი ბრიტანეთის საელჩოში ვიღებთ მხარდაჭერისა და სამძიმრის ძალიან ბევრ გზავნილს. მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისგან და მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისგან, ასევე ქართველი ხალხისგან. ეს ამ რთულ დროს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

მისი უდიდებულესობა დედოფალი დიდ ბრიტანეთს ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მართავდა. წელს ჩვენ ვიზეიმეთ დედოფლის მმართველობის „პლატინის იუბილე“, 70 წელი ტახტზე. მთელი ეს დრო და სიცოცხლე მან მიუძღვნა საზოგადოების სამსახურს. ის გახლდათ შთაგონების წყარო თითოეული ჩვენგანისთვის. მის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, 96 წლის ასაკში, დედოფალმა განაცხადა თანხმობა, რომ ლიზ ტრასი დანიშნულიყო დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად. ის მუშაობდა და სიცოცხლეს უძღვნიდა სამსაუხურს ბოლო დღემდე, თუმცა, ფორმალური სამუშაოს მიღმა, მნიშვნელოვანი იყო ბევრი ადამიანისთვის როგორც დიდი ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში. ის ბრიტანეთის მონარქებს შორის ყველაზე მეტს მოგზაურობდა. ზოგიერთი გათვლებით, ბრიტანელების 30 პროცენტს შეხვდა, რაც 20 მილიონი ადამიანია. მან თითოეული ამ ადამიანის ცხოვრებაზე დატოვა კვალი. ამიტომაც, ჩვენ ვგლოვობთ ამ დანაკარგს.

ამავე დროს, ჩვენ ვუცქერთ მომავალს, რადგანაც მისი უდიდებულესობის გარდაცვალებით, ტახტზე ახალი მონარქი ადის, მეფე ჩარლზ მესამე. მეფე ჩარლზმა, უელსის პრინცის რანგში, უკვე გაატარა მრავალი წელი საზოგადოების სამსახურში. მან საკუთარი თავი მიუძღვნა მისი უდიდებულესობის, დედოფლის საქმის გაგრძელებას. ასე რომ, ამ სევდიან დღეს, როდესაც ვიხსენებთ დედოფლის განვლილ სიცოცხლეს, ასევე ვიცქირებით წინ, მეფე ჩარლზ მესამის მომავალი მმართველობისკენ და ყველა ერთად ვუსურვებთ მას საუკეთესოს. ღმერთო, დაიფარე მეფე“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.