დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს.

პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებამდე დ.ვ.-მ შურისძიების მიზნით დედის სახლში ხანძარი გააჩინა. არის თუ არა კავშირი ოჯახურ ძალადობასა და ხანძარს შორის, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.