დედაქალაქში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება
დედაქალაქში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება

თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.

ცვლილებებით, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მხრიდან მოძრაობის წესის დარღვევაზე 100-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

პროექტით, 100-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევაზეც.

ამასთან, ინიციატივით, 50-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული თბილისის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებაზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისთვის.

„დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტრანზიტული მოძრაობა გახშირებულია, ხოლო საკანონმდებლო სივრცე ამ პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს. აღნიშნულ საზღვრებში ტრანზიტული მოძრაობის აკრძალვა დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების ავტორები განმარტავენ, რომ დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სავარაუდო დროდ 00:00 საათები განისაზღვრება.