დედაქალაქში თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს [ფოტო]
დედაქალაქში თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს [ფოტო]

დედაქალაქში თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, დილიდან ღონისძიებები ხუთ ადგილას მიმდინარეობს.

მისი თქმით, ცენტრალური ადგილი რიყის პარკია, სადაც სტუმრების ძირითად ნაკადს 12:00 საათიდან ელოდებიან.

„რიყის პარკში მოსულ სტუმრებს „გარდენია შევარდნაძის“ ძალიან ლამაზი და მასშტაბური ინსტალაცია დახვდებათ. აქ ასევე მოწყობილია საბავშვო სივრცეები, არიან ანიმატორები. წარმოდგენილია 50 მეწარმე და ასევე ტარდება კულინარიული ფესტივალი, ამიტომ რიყის პარკში გურმანები უნდა მობრძანდნენ. აქ ასევე არის მანქანების გამოფენა და 14:00 საათიდან 19:30 საათამდე სცენაზე ქართული ესტრადის ვარსკვლავები წარდგებიან, გარდა ამისა, სტუმრებს ქუჩის მუსიკოსების მოსმენის საშუალებაც მიეცემა“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა გაიმართება.

„ეს სწორედ თბილისელებისთვის შეიქმნა თავისი გამორჩეული იუმორით, არაჩვეულებრივი მელოდიებით, რაც გარკვეულწილად ექსპერიმენტია, რადგან ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მსახიობების როლი მოირგეს და ის მულტიკულტურული სივრცე, რომელიც ასე ძალიან ახასიათებს თბილისს, სწორედ ჩვენს სცენაზე იქნება გადატანილი“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

6 და 7 ოქტომბერს „თბილისობა 2018“ იმართება. ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში.