დედაქალაქში საშობაო ალილო გაიმართება
დედაქალაქში საშობაო ალილო გაიმართება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში დღეს ტრადიციული ალილო მოეწყობა. მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც თავს მოიყრის მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი, რომელიც მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გაიგზავნება.

ალილოში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. 14:00 საათიდან მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გაივლიან რუსთაველის გამზირს, პუშკინის ქუჩას, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩებს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აკრძალული იქნება.

ალილოს მონაწილეები გზაზე ძღვენს შეაგროვებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებებიან.

თბილისის გარდა, ალილო საქართველოს რეგიონებშიც მოეწყობა.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.