დედაქალაქში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება
დედაქალაქში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

დედაქალაქში, კერძოდ ვარკეთილში, პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩაუყარა საფუძველი.

სამშენებლო სივრცე 15 000 კვ.მ. ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება​ სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, ასევე, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნესდარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; ბოულინგი და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა პარკინგის სივრცე.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრი აქამდე არ არსებობდა. კახა კალაძის თქმით, სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.