დედაქალაქში დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი
დედაქალაქში დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, თუმცა ხვალ დილის საათებში მხოლოდ მოღრუბლულობა და ნისლი შენარჩუნდება.

როგორც პირველ არხთან საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ღამის საათებში ქარის სიმძლავრე 20-25 მ/წ. იქნება.

„დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ზოგან ნისლი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წ. საღამოს საათებიდან შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას დაიწყებს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. ამიტომ მოსალოდნელია საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი და ზოგან ქარბუქი”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს საღამოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, ქარის სიმძლავრემ შესაძლოა, ღამის საათებში 20-25 მ/წ მიაღწიოს.

“დედაქალაქში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ხვალ დილის საათებში მოღრუბლულობა და ნისლი შენარჩუნდება. დღის მეორე ნახევრიდან ღრუბლიანობა შენარჩუნდება, თუმცა უნალექოდ და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22მ/წ მიაღწევს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საღამოს +2,+3 გრადუსი იქნება, ხვალიდან კი 7- 9 გრადუსი სითბო იქნება”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მაშტაბით 21 იანვრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.