დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიუჯეტი სწორედ იმ პროგრამებზე და პროექტებზე იქნება მიმართული, რომელთა განხორციელებას თბილისის მერი მოსახლეობას დაჰპირდა.

„თბილისში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების ჯამი გახლავთ მილიარდ 545 მლნ ლარი. აქედან საბიუჯეტო ნაწილი არის მილიარდ 305 მლნ ლარი, ხოლო დანარჩენია სესხის ნაწილი, რომელიც შეადგენს 240 მლნ ლარს. საშემოსავლო ნაწილი: ეს არის პრივატიზაცია – 75 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები – 757 მლნ ლარი, მათ შორის, 210 მლნ არის ქონების გადასახადი, ხოლო 547 მლნ – დამატებული ღირებულების გადასახადი; სპეციალური ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აძლევს მუნიციპალიტეტს, არის 225 მლნ ლარი, რომელიც მიმართულია პირდაპირ პროექტებზე, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის მომსახურების მიზნით 43 მლნ 500 ათასი ლარი. სხვა შემოსავლები შეადგენს 203 მილიონს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერმა ისაუბრა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც, რომელიც გათვალისწინებულია როგორც გარდამავალი, ასევე იმ ახალ პროექტებისთვის, რომლებიც 2022 წელს დაიწყება.

ირაკლი ხმალაძემ ასევე განმარტა, თუ რა საჭიროებებს მოხმარდება სესხი.

„100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი – ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი – პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ – ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 8 მლნ ლარი – დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.