დედაქალაქის საკრებულომ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხები დაამტკიცა 
დედაქალაქის საკრებულომ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხები დაამტკიცა 

დედაქალაქის საკრებულომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხები დაამტკიცა.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის და 10 რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა თებერვლის ბოლოდან იცვლება და 120 ერთეულით ნაკლები იქნება.

ამის შესახებ ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მერიისა და გამგეობების 1496 საშტატო ერთეული 1376 ერთეულამდე მცირდება. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერიის ადმინისტრაცია 202 ერთეულიდან 120-მდე მცირდება.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 30-დან 35 ერთეულამდე იზრდება, ეკონომიკური სამსახური 31 საშტატო ერთეულიდან 26-მდე მცირდება, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური (კეთილმოწყობის სამსახური) 70-დან 60-მდე შემცირდება. შესყიდვების სამსახური – 29-დან 27-მდე მცირდება, საფინანსო სამსახური 40-დან 39-მდე. იურიდიულ სამსახურში 60 საშტატო ერთეულია და უცვლელი რჩება, ისევე, როგორც სოციალური სამსახურის საშტატო ერთეულები 31 იყო და იგივე რჩება. კულტურა- ახალგაზრდობა-სპორტი ჯამში 40 საშტატო ერთეული იქნება. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეულები 129-დან 121-მდე შემცირდება. უსაფრთხოების სამსახური კი ისევ 89 ერთეული იქნება.

ურბანული განვითარების ახალ სამსახურში კი 31 ერთეული იქნება. რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგეიბების საშტატო ნუსხას, როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, 10-ვე რაიონის გამგეობაში ჯამში 691 ერთეული იყო, რაც 612 ერთეულამდე მცირდება.

საკრებულოს უმრავლესობამ ასევე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულება და მერიის საქალაქო სამსახურების დებულებები. კენჭისყრას საკრებულოს ოპოზიცია არ დასწრებია. მათ სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს.