დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [ფოტო]

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, დღეიდან თბილისში ათვლას დაიწყებს საახალწლო დღეები.

„მინდა, მივესალმო უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ლამაზ გოგო-ბიჭებს, რომელთა თვალები სავსეა სიხარულით. ეს არის გარანტი, რომ ახალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების,  სიყვარულით სავსე წელი. დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები. დღეს რადგან მხოლოდ დღესასწაულს დავპირდი მოსახლეობას, არ დავიწყებ იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსი არის, დიახ, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს, მაშინაც კი, როდესაც ვიბრძვით, არასდროს ვტოვებთ უკეთესი მომავლის იმედს, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე.

სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა – ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ჩვენც, ტრადიციულად, სწორედ ეს სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს. მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ დედაქალაქის ნაძვის ხე, როგორც ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის სიმბოლო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მინდა, ყველას  გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველივე საუკეთესო, თქვენს ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.