დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება
დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

დედაქალაქში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების და Ford-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, რომელიც დღეს, დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.

მათივე ინფორმაციით, ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევრო.

23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და შემცირდება მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე.

ავტობუსების დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად შემოვა და სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. 2022 წელს კი თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს დამატებით 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა, რაც უზრუნველყოფს ახალი სატრანსპორტო სქემით გათვალისწინებული სატრანზიტო დერეფნების ამოქმედებას.