დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო მომსახურების დაფინასების წესში ცლილებები შევიდა
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო მომსახურების დაფინასების წესში ცლილებები შევიდა

დედაქალაქის მოსახლეობისთვის განსხვავებული მიდგომები სამედიცინო მომსახურების კუთხით არ უნდა იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა .

კახა კალაძის განცხადებით, წესი, რომელიც მერიამ შეიმუშავა, ასევე გამორიცხავს კორუფციულ რისკებსაც.

“ჩვენ შევიმუშავეთ გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევის წესი. მინდა ვთხოვო გელა ჩივიაშვილს, გააკეთოს განმარტებები, თუ რა ცვლილებები განხორციელდა. მთავარია ის, რომ ეს ცვლილება მოსახლეობის მიმართ განსხვავებული მიდგომებს თავს აგვარიდებს  და გარდა ამისა, გამორიცხავს კორუფციულ რისკებს, დაფინასების დუბლირებას“, – განაცხადა კალაძემ.

ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, აქამდე მერიისა და გამგეობების ბიუჯეტიდან ხდებოდა ერთი და იმავე პიროვნებების დაფინანსება. ახლა კი ეს გაიყო. გამგეობა დააფინანსებს 1000-ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზევით, დაფინანსებას თბილისის მერია განახორციელებს.

“როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებს და მედიკამენტებს. დღეს დამტკიცდა წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები, ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები მარჩენალდაკარგულები, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათზე რეალურად დაფინანსება განხორციელდება უკვე პრიორიტეტულად და გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ ჯგუფებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც შეიძლება არ შედიოდეს პრიორიტეტულ ჯგუფებში, მაგრამ დროში შეიძლება სჭირდებოდეს მათ. ასეთ ოჯახებზეც, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური შესწავლა განხორციელდება, უშუალოდ გამგეობების მხრიდან და ამ შესწავლის შედეგად, მიღებული შედეგებით განხორციელდება დაფინანსება. დაფინანსების შკალები არის განსაზღვრული, რომლითაც სხვადასხვა პროცენტით დაფინანსდება სხვადასხვა მანიპულაციები საყოველთაო დაზღვევის ტარიფების გათვალისწინებით“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის განცხადებით, ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხა არ შეცვლილა, უბრალოდ, დუბლირებული დაფინანსება, რომელიც აქამდე იყო, აღარ იქნება.

“საყოველთაო ტარიფის გარდა, ასევე ხდებოდა ე.წ კომერციული ტარიფით დაფინანსებაც, როდესაც კერძო სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას. ვინაიდან, არის განსხვავება საყოველთაო დაზღვევის ტარიფსა და კლინიკების ანგარიშფაქტურების ფასებს შორის. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება უკვე მომსახურების დაფინანსება“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.