დედაქალაქის მერიის ახალი მთავრობის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
დედაქალაქის მერიის ახალი მთავრობის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

დედაქალაქის მერიის ახალი მთავრობის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. სხდომაზე სტრუქტურული რეფორმები და საკადრო ცვლილებები განიხილება. ქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საკადრო ცვლილებები შეეხება მერიის დაქვემდებარებაში არსებულ რამდენიმე უწყებას, მათ შორის არქიტექტურის, ქონების მართვისა და სატრანსპორტო სამსახურებს.

„ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, რომ ეტაპობრივად დავნერგავდით მართვის ეფექტურ სისტემას. ამ საკითხებზე მსჯელობა ხვალინდელ სხდომაზე გაიმართება”,- განცხადა ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, ხვალვე გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბაღების მართვის სააგენტოს ვაკანტურ თანამდებობას. გარდა ამისა, ხვალინდელ სხდომაზე 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის საკითხიც განიხილება.

„დედაქალაქის მერი აგრძელებს კონსულტაციებს ფინანსთა სამინისტროსთან, იმისათვის რომ გაიზარდოს დედაქალაქის ბიუჯეტი. ასევე უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის ისე გადალაგება, რომ მოერგოს იმ წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც ჩვენ მოსახლეობას წარვუდგინეთ”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ხვალინდელ სხდომაზე განიხილება საკუთრების დაკანონების საკითხებიც.

„ჩვენ წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობას დავპირდით, რომ თუ ქალაქის მმართველობაში მოვიდოდით, დავიწყებდით საკუთრების დაკანონების პრობლემაზე მუშაობას. ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია ცხოვრობენ საცხოვრისში, თუმცა არ გააჩნიათ საკუთრების უფლება. სწორედ ხვალინდელ სხდომაზე დაიწყება დაკანონების პირველ ნაწილზე მსჯელობა,”-აღნიშნა ვიცე-მერმა.

დატოვე კომენტარი