დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა
დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენებით არის განპირობებული.

„დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი და სავალდებულოა. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ აღნიშნული პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ფაქტობრივი პარამეტრებისგან. თუ გადავხედავთ, როგორ იზრდებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი 2017 წლიდან მოყოლებული, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროექტის განხორციელების საშუალება გვეძლეოდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როგორც ქვეყანაში, ასევე, მთელ მსოფლიოში. გულდასაწყვეტია, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებით და დახმარებებითაც კი, ვერ იყოს ისეთი, როგორიც მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დროებით შეჩერება ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია.

„2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ სამუშაოებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთი პროექტებია მაგალითად, წერეთლის გამზირი, რომლის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი; ქეთევან დედოფლის გამზირი, სადაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება; ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება; აღნიშნულ პროექტებს, ამ ეტაპზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება მათი განხორციელება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს საპრივატიზაციო ნუსხის გაზრდა დაავალა, რათა დედაქალაქის მთავრობამ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეძლოს.

„მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება მეტი საპრივატიზაციო აქტივი მოვიძიოთ. შეიძლება ეს იყოს მიწები, შენობა-ნაგებობი, რადგან შემოსავლების ნაწილშიც სერიოზული კლება და პრობლემები გვაქვს. მესმის, რომ ბევრი დაწესებულება დახურულია და ეკონომიკური აქტივობები ჯერ კიდევ არ შეინიშნება, რომელიც ჩვენი ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ყველაფერი გააკეთეთ, რათა გავზარდოთ შემოსავლები, ჩავრთოთ ბიზნესსექტორი, გავზარდოთ საპრივატიზაციო ნუსხა, რათა მეტი შემოსავალი გვქონდეს და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი