დედაქალაქის მერიამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა
დედაქალაქის მერიამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლად რეაბილიტირებული მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან მიიღებს.

„თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება. აქ სამუშაოები უკვე დასრულებულია, ყველაფერი განახლებულია. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან უმასპინძლებს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, მიბრძანდეს და დაათვალიეროს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ კულტურული ღონისძიებები და ღირსშესანიშნავი ადგილების მოწესრიგება-რეაბილიტაციაა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოვიფარგლებით, არამედ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მუზეუმების რეაბილიტაციას, კულტურულ ღონისძიებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ღირებული, რაც ქალაქს აქვს, იყოს მოწესრიგებული – გავუფრთხილდეთ, აღვადგინოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბინა-მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურებისა და სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინება სრულად მოხდა. მუზეუმის დამთვალიერებელს ასევე დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად მიჰყვება. მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.

დატოვე კომენტარი