დედაქალაქის მერია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალურ ფონდს ქმნის
დედაქალაქის მერია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალურ ფონდს ქმნის

დედაქალაქის მერია სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალურ ფონდს ქმნის, რომელშიც სხვადასხვა სერვისის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები თანხას ჩარიცხავენ.

მოგროვილი თანხა „ცენტრ პოინტის“ პროექტების დასრულებას მოხმარდება.

აღნიშნული წინადადება დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგებლებს გააცნო.

როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განმარტა, ის კომპანიები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ან არაშენებული პროექტები გადაიბარონ, მერიის მიერ დაწესებული რეგულაციებიდან გამონაკლისის სახით, გონივრულობის ფარგლებში, მათთვის სასურველ სერვისებს მიღებენ.

„ჩვენ მთლიანი „ცენტრ პოინტის“ პრობლემა გავყავით ორ ძირითად ნაწილად. ერთი არის არაშენებული კორპუსები, რომლებიც ფიზიკურად არ აშენებულა, მეორე არის ის კორპუსები, რომლებიც ითვლება დასრულებულად, სადაც ცხოვრობს ხალხი, თუმცა  არის წარმოუდგენელი, გაუსაძლისი პირობები. შესაბამისად, ჩვენ დღეს შევთავაზეთ დეველოპერებს, რომ გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ, მოახდინონ თანხების აკულიმირება სპეციალურ ფონდში, რომელიც შეიქმნება. შედეგად მოხდეს პირველ რიგში შვიდი გაურემონტებელი ობიექტის დასრულება, ხოლო რაც შეეხება არაშენებულ ობიექტებს, ამაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და შევთავაზეთ დეველოპერულ კომპანიებს მონაწილეობა გარკვეული კონკურენციის პირობებში, რომ მათთვის მისაღები პირობებით მოხდეს ამ ობიექტების დასრულება. ჩვენ გვაქვს შექმნილი დაუსრულებელი მშენებლობების კომისია, რომელსაც აქვს იმის საშუალება, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას, დაუშვას გარკვეული გამონაკლისები იმ რეგულაციებიდან, რომლებიც შემოვიღეთ ან არსებობდა. რა თქმა უნდა, აღნიშნული განხორციელდება კომისიის მიერ გონივრულობის შეფასების შედეგად და იმ პირობებში, რომ ეს პრეფერენციები არ დაამახინჯებენ ან რაიმე ზიანს არ მოუტანენ სხვა ობიექტებს, დედაქალაქის სხვა უბნებს“ ,- განაცხადა ელოშვილმა.