დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება.

„დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი „სპექტრუმ კონსალტინგი“, საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით, 3 ივლისს, ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლების მოკლე გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა შედგება შემთხვევითი შერჩევის ფორმით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე.

გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ცნობით, მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული.​

დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს არტერიებზე, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირსა და ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობის რეკომენდაცია თბილისის მერიას კომპანია „სისტრამ“ მისცა.