დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას საკრებულო მომავალი კვირიდან დაიწყებს
დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას საკრებულო მომავალი კვირიდან დაიწყებს

დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას საკრებულო მომავალი კვირიდან დაიწყებს. 15 ნოემბერი ბოლო ვადაა, როდესაც მერიამ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის პროექტი უნდა გადაუგზავნოს. დოკუმენტი უკვე საკრებულოშია, ის 815 მილიონით განისაზღვრა და წინა პარამეტრებთან შედარებით 11 მილიონით არის შემცირებული.

დოკუმენტის მიმართ შენიშვნები აქვს არამხოლოდ ოპოზიციას, არამედ მმართველ გუნდსაც. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ბიუჯეტი აუცილებლად დაკორექტირდება, რადგან ძველი მთავრობის მიერაა შედგენილი და კახი კალაძისა და “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებს არ პასუხობს.

დეპუტატებს 25 ნოემბრამდე აქვთ ვადა ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შესატანად. ამის შემდეგ პროექტი განსახილველად ისევ მერიას დაუბრუნდება და უკვე მაქსიმუმ 10 დეკემბრამდე კახი კალაძე ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს დასამტკიცებლად საკრებულოში თავად წარადგენს.